ქვეყანაში ამ ეტაპზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას – შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი, ანუ აღარ გვაქვს ზრდა და გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს.
„ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, იმიტომ რომ გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში, შეიძლება კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს. ანუ გარკვეული პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა, მცირე, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს არავითარი დამშვიდების საფუძველს. იმიტომ რომ პანდემია ბობოქრობს მთელს მსოფლიოში, პანდემია ბობოქრობს ევროპაში, ჩვენს ირგვლივ. ამიტომ ჯერჯერობით არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. უნდა დაცული იყოს ყველა ის შემზღუდველი ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.