“გევიგუდეთ”: ვიწყებთ ონლაინ კამპანიას-„არ მოგვატყუო! ვითხოვთ კანონს სუფთა ჰაერისთვის”

“თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერში მიიღონ ჰაერის გაუმჯობესებისთვის საჭირო კანონპროექტთა პაკეტი,”- სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” ახალ კამპანიას იწყებს.

როგორც ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია “გავიგუდეთ” ონლაინ კამპანიას იწყებს.

“რუსთავის მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ვერ ვიქნებით მეწარმეების კეთილსინდისირების იმედზე. კანონი უნდა ავალდებულებდეს მათ, რომ იფუნქციონირონ ისე, რომ რუსთავის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.

კანონპროექტთა პაკეტის მიღების თაობაზე რუსთავის მოსახლეობა ორჯერ მოგვატყუეს:

ერთხელ, როცა დაგვპირდნენ, რომ 2020 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებდნენ კანონს; მეორედ, როდესაც დაგვპირდნენ, რომ 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე მეცხრე მოწვევის (წინა) პარლამენტი მიიღებდა სამივე მოსმენით კანონპროექტთა პაკეტს.

2020 წლის 29 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი და დაგვპირდნენ, რომ დეკემბერში მესამე – მხოლოდ რედაქციული ხასიათის მოსმენით დამტკიცდება ეს ცვლილებები. აღნიშნული სავალდებულოა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მიხედვითაც.

თუმცა, თუ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პირადად არ მოითხოვს ამას, არის შანსი, რომ ეს კანონპროექტები დეკემბერში არ მიიღონ.

ამიტომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვიწყებთ ონლაინ კამპანიას „არ მოგვატყუო! ვითხოვთ კანონს სუფთა ჰაერისთვის”- წერია სამოქალაქო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ უნდა მიიღოს მოქალაქებ კამპანიაში მონაწილეობა ვრცლად ნახეთ სამოქალაქო ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.