გვენეტაძე: 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა შესაძლებელია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ 2020 წელს ხუთპროცენტიანი ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია.

მისივე თქმით,  10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა -5.1 პროცენტია და ნოემბერ-დეკემბერშიც ცენტრალური ბანკი დაახლოებით ამ დონის ვარდნას ელოდება.

„გარდა ამისა, რადგანაც ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულთან შედარებით უფრო მსუბუქია, ვფიქრობ, ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც უკვე 10 თვეში გვქონდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობა ათ თვეში საკმაოდ სტაბილურია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება. რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი ბიუჯტის მიხედვით მომავალ წელს, ამავე დროს ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რასაც იმ ანგარიშებიდან ვხედავთ, რომელსაც ვიღებთ. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ კოვიდის და ასეთი პანდემიის დროს, ზოგადად პროგნოზების გაკეთება არის ძალიან რთული და ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ გაურკვევლობასთან. ანუ, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევას თუ ავიღებთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში.

ვიცით, რომ ვაქცინაცია უკვე დაიწყო ინგლისში და იქედან გამომდინარე, თუ რა სისწრაფით მოხდება ამ ვაქცინის გავრცელება, ესეც რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ პროგნოზებზე, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.