დავითაშვილი სოკოს საწარმოზე: არ გამოვრიცხავ გამოიკვეთოს საწარმოს გადაადგილების საკითხი

“იმისთვის, რომ ეს საკითხი სამუდამოდ მოგვარდეს დღეს მიმდინარეობს გარემოს ზემოქმედების შეფასება, კომპანიამ ოქტომბერში შემოიტანა ჩვენთან განაცხადი გარემოს ზემოქმედების ანგარიში და ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვადებში მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა, ნინო ლაცაბიძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ დღეს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მთავარი გამოწვევა რუსთავისთვის დაბინძურებული ჰაერია და  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის ნაწილში ახლა მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა.

“კონკრეტული კითხვა ეხებოდა ერთ-ერთ სოკოს საწარმოს ეს არის “თეთრი ქუდი”. იცით, რომ მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით ჩვენ დავიწყეთ ამ საწარმოს შემოწმება, ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოხდა საწარმოს დაჯარიმება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს საკითხი სამუდამოდ მოგვარდეს დღეს მიმდინარეობს გარემოს ზემოქმედების შეფასება, კომპანიამ ოქტომბერში შემოიტანა ჩვენთან განაცხადი გარემოს ზემოქმედების ანგარიში და ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვადებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათ შორის ვითხოვთ ბევრ დეტალურ კვლევას იმისათვის, რომ დაასაბუთონ თუ როგორ იქნება პროცესები ისე , რომ მოსახლეობის პრობლემები ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით გამოირიცხოს და არ გამოვრიცხავ ასევე, რომ მიმდინარე შეფასების პროცესში გამოიკვეთოს საწარმოს გადაადგილების საკითხი”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.