თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში მოვლენების მონაწილეების სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი თბილისის მერიის მხრიდან, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ.
აქციაზე მყოფი პირების განმარტებით, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.
“ჩვენი პროტესტი ყოველდღიურად სხვადასხვა ხერხით და მეთოდით გაგრძელდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობები მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაანგრია.
პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ხალხს აქვს სახლი და მიწა და ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება.
“იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე”, — განაცხადა კახა კალაძემ.