ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მოლაპარაკების პროცესში არის მნიშნველოვანი საკითხები, თუმცა ის მთავარი საკითხების გარეშე ვერ გადაწყდება.
„მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გიპასუხოთ, ჯერ ერთი, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ. მეორე – რომ დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე, არა. კონკრეტულად გპასუხობთ, რომ ჩვენ მთავარ მოთხვონებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ ჩანს.
იცით რა არის? არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე უნდა ილაპარაკო, აგრეთვე არის მნიშნველოვანი საკითხები, რომლებიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება, პროფესიონალები ხართ და გესმით, რასაც ვამბობ. ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, პოლიტპატიმრების თემა მისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუმცა, მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს.