იწვევს თუ არა სოციალური იზოლაცია დეპრესიას ?

2020 წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კვირებისა და თვეების განმავლობაშიც კი იძულებით იზოლაციაში აღმოჩნდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის პანდემიამდეც მარტო მცხოვრები ადამიანების რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.

მეცნიერებმაც დიდი ხანია უკვე იციან, რომ სოციალურმა იზოლაციამ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს. მკვლევრებმა ამ მიმართულებით მრავალი კვლევა ჩაატარეს ცხოველებზე, მათ შორის- თაგვებზე. 2020 წლის ნოემბერში კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნეირობიოლოგებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, მიღებული შედეგებიდან რომელთა განზოგადება შეიძლება ადამიანებზეც.

როგორც მაკგილისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერები თავიანთ ბოლოდროინდელ მიმოხილვაში წერენ, ”არასაკმარისი სოციალური სტიმულაცია გავლენას ახდენს აზროვნებასა და მეხსიერებაზე, ჰორმონალურ ჰომეოსტაზზე, ტვინის ნაცრისფერ და თეთრ ნივთიერებებს შორის კავშირსა და მათ ფუნქციაზე, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მიმართ მდგრადობაზე”. ჯერ კიდევ 2018 წელს, English Longitudinal Study of Aging (ELSA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზში ნათქვამია, რომ ”ჯგუფების უმეტესობას, რომლებმაც იზოლაცია და/ან მარტოობა გადაიტანეს, უფრო გამოკვეთილი დეპრესიული სიმპტომები ჰქონდათ“. აღნიშნულ პროექტში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი მონაცემების შესწავლის შემდეგ კი, ამჯერად უკვე სხვა სტატიის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ სწორედ სოციალურმა იზოლაციამ გამოიწვია მეხსიერების დაქვეითება.

პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად შემცირდა. ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი ტექნოლოგიების განვითარება. შეხვედრის დროსაც კი, მეგობრები ხშირად სმარტფონებში იქექებიან. მაიმუნები სტრესს ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტით იხსნიან, ადამიანები კი იძულებული არიან მხოლოდ ციფრული „ლაიქებით“ შემოიფარგლონ. ჟურნალი Wired-ი წერს, თუ რამდენად რთულია ზოგიერთი ადამიანისთვის სოციალურ იზოლაციასა და კოვიდშეზღუდვებით გამოწვეულ ტაქტილურ შიმშილთან გამკლავება.