კანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

კანადაში, ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის პარკში“ 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

ქუმარიტაშილმა ერთ-ერთი ბოლო საცდელი დაშვების დროს მართვა დაკარგა და დიდი სიჩქარით მოძრავი ციგით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ნოდარ ქუმარიტაშვილი 21 წლის იყო. მოციგავე მშობლიურ ბაკურიანშია დაკრძალული.