ტარიფი სემეკ-ის პრეროგატივა იყო და სემეკ-მა გუშინ ამ ტარიფებს გადახედა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„როდესაც პანდემიაა, ვცდილობთ კერძო სექტორს წნეხი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ, რა თქმა უნდა მათ ინტერესებზეც ვიფიქროთ. მეორე მხრივ, ამის საპირწონედ ვნახეთ, რომ როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებამ ინიციატივა გუშინვე მიიღო იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი სუბსიდირება ასახულიყო. ფაქტობრივად, მომდევნო წლის განმავლობაში მომხმარებლების 95%-ზე მეტი, ფიზიკურ პირებს და ოჯახებს ვგულისხმობ, გაძვირებულ ტარიფს ვერ იგრძნობს. ამავდროულად, უკვე მიმდინარეობს სუბსიდირების ერთი ტალღა, რომელიც უშუალოდ პანდემიას უკავშირდება. ზამთრის თვეებში ყველა ოჯახი სუბსიდირებულია, რომელიც თვეში 200 კილოვატ საათზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.