მედიცინის პროფკავშირი მედპერსონალისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი Covid-19-თან მომუშავე მედპერსონალისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს.

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მედპერსონალი გმირია-ამ ლოზუნგით საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა პრესკონფერენცია დღეს გამართა. მსჯელობა პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომით და უფლებრივ მდგომარეობას შეეხო.

“აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საქართველოს მედიცინის სფეროში დასაქმებული ასობით ადამიანი დაასნებოვნა და მედიცინის არაერთი მუშაკის სიცოცხლე შეიწირა. დღეს, ვირუსის ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებიდან მე-11 თვეს, თითოეული მოქალაქე იმედის თვალით შევყურებთ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, რადგან ამ გამძვინვარებული პანდემიის პირობებში სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. ვითხოვთ მათგან მაღალ პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას, რიგ შემთხვევაში კი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ გვავიწყდება არა ნაკლებ მნიშვნელოვანი — რა მდგომარეობაში არიან თავად ეს ადამიანები, რომელთა ხელფასი, განსაკუთრებით, პირველადი რგოლის მუშაკებისა, ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს “- განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი ამირანაშვილმა.

მათივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობაა.