მეც მინდა გავიგო: მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

გირჩის წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, არ იცის ჯაფარიძემ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება და ახლა სწორედ ამის გარკვევას ცდილობს.

“ჩემსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი, რომლის გადაწყვეტაც ზურამ ასეთი ფორმით გადაწყვიტა, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

„მე თქვენთან ერთად მინდა გავარკვიო, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობების პრობლემა ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. ოთხივე ყოველდღიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში. არანაირი განსხვავებული აზრი იმ პროცესთან მიმართებაში, სადაც ჩართული ვიყავით, არ არსებობდა. ამ შიდა პრობლემის როგორი გადატანა მოხდება გარე ველზე, მინდა, უბრალოდ გავიგო. ჩემი სავარაუდო ვერსია, რომელიც მინდა, რომ იყოს მიზეზი – ჩვენ შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი. ვისურვებდი, რომ იზეზი იყოს ჩემსა და ზურა ჯაფარიძის შორის პირადი, ადამიანური კონფლიქტი, წყენა და ა.შ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

დღეს, 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია “გირჩი” გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.

“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე არ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.

წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა”, — წერს ჯაფარიძე ფეისბუქ ჯგუფში.