მთავრობა აღარ აცხადებს, რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა

მთავრობის ადმინისტრაცია ყოველდღიურ რეჟიმში აღარ აცხადებს, რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

როგორც წესი, მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ ბრიფინგს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მართავს და ამბობს, გასულ 24 საათში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გამოვლინდა, რომელ რეგიონში რამდენი დადასტურდა, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი პაციენტია მძიმე და ა.შ. 

21 ნოემბრის ჩათვლით სიჭინავა გარდაცვალების მაჩვენებელს რეგიონების მიხედვითაც იტყობინებოდა, 22 ნოემბერს, კვირა დღეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ მეილზე დააგზავნა, 23 ნოემბრიდან კი სიჭინავას მიერ ეს ინფორმაცია აღარ ცხადდება.

მთავრობის განცხადებით, გარდაცვალების მონაცემს ყოველდღიურ რეჟიმში იტყვიან, რაც შეეხება იმას, რატომ აღარ იტყობინებიან ამ ინფორმაციას რეგიონების მიხედვით, მთავრობაში პასუხი არ აქვთ.