ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სარესტორნო ბიზნესისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს 6 თვით დაასუბსიდირებს. მინისტრის განმარტებით, სუბსიდირების პროგრამას სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განახორციელებს და ამისათვის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.
“რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
ხვალიდან დავიწყებთ, ჩვენ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად, საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს [რესტორნები] უახლოესი 6 თვე ვერ იგრძნობენ. ამ მოთხოვნას აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დახმარებით, სულ მცირე, 1500 დაწესებულება ისარგებლებს.
მისივე თქმით, მთავრობა დაასუბსიდირებს, ასევე ივენთ კომპანიებისა და კინოთეატრების ლიზინგის პროცენტსაც.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ.