ომბუდსმენი: მხოლოდ სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს კოვიდთან ბრძოლის შესახებ.

“სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები”, — ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის ფეისბუქ გვერდზე.

ნინო ლომჯარია ეხმაურება 29 ნოემბერს, 19 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებას და ამ ფაქტის განსახილველად სპეციალური კომისიის მოწვევას. იგი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას კლინიკური აუდიტის ექსპერტთა მოწვეული ჯგუფის საქმიანობის შედეგებზე.

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროსგან ელის განმარტებებს შემდეგ საკითხებზე:

  • ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა;
  • რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა;
  • კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

2 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გოგოს გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია განიხილავს.