ხელახალი არჩევნები კვლავ რჩება ოპოზიციური პარტიების მთავარ მოთხოვნად. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრაზე შეკრებილი პარტიების მთავარი მოთხოვნა უცვლელია.
მათივე ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
„გუშინ გასაგებად თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები, ჩვენ არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას იმ პარლამენტს, რომლის შეკრება უნდა ივანიშვილს. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეების ნება და დემოკრატიის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელოს“ წარმომადგენელი, ბადრი ჯაფარიძის თქმით,ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს შეხვედრაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოწვეულ იქნა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმ საკითხებზე, რაც გუშინ ჩვენს მოდერატორებს გადავეცით.
არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.