პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომლის დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს.
ამასთან, როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და მასში რიგი ცვლილება აისახა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.
საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.
“ქართული ოცნების” წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა.
დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირის დასკვნა არ დაიდება.