პრეზიდენტის ინიციატივა: შეიქმნას კავკასიური მშვიდობის პლატფორმა

პრეზიდენტის ინიციატივები- სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ბრენდი მედეა, რომელიც ტრადიციულ ხალხურ მედიცინასა და “ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციებს” გააერთიანებს.

მისი თქმით, ეს დაუბრუნებს საქართველოს ისტორიულ ნიშანს რეგიონსა და მსოფლიოში.

“ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია! ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია.

ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი მედეა, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, პრიორიტეტებში გულისხმობს ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კავკასიური მშვიდობის პლატფორმა. მისი თქმით, კავკასიაში ახალი მოცემულობის გათვალისწინებით საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი.

“ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ კავკასიური მშვიდობის პლატფორმის იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი.

თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის”, — განაცხადა მან.