პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული, თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.