რუსთავის მერია ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება. ინფომრაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდპანდემიის გამო, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაგეგმილია საინფორმაციო პოსტერების საჯარო სივრცეში განთავსება, ასევე სხვადასხვა ონლაინ აქტივობები.

  • “ოჯახის წევრის ან სხვა პირის მიერ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა, იძულება ან არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა კანონით აკრძალულია!
  • თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან იმყოფები ძალადობის რისკის ქვეშ, დახმარებისთვის: დარეკე 112-ზე ან გამოიყენე 112-ის მობილური აპლიკაციის ჩუმი განგაშის (SOS) ფუნქცია და გამოიძახე პოლიცია.
  • კონსულტაციისთვის: დარეკე 116006-ზე – უფასო 24 საათიან ცხელ ხაზზე (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე).

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.