რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
50 მილიონ 600 ათასი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის, ლევან კავთიაშვილის განცხადებით, რუსთავის თვითმმართველობის მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტებია.
„ ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -7 მილიონი ლარია განსაზღვრული. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რის საფუძველზეც იგეგმება სოციალური პროგრამების, კერძოდ აუტისტური სპექტრის, შინმოვლის და სხვა ქვეპროგრამების დაფინანსების ზრდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, განათლების და კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია – 10.985,5 ლარი.“- განმარტა სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა.
დეპუტატებმა, საკრებულოს წევრად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით წარმოდგენილი, გიორგი მღებრიშვილი დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.