რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მაგისტრალზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული იყო. სატვირთო ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა დაზიანებები თავის არეში მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში TV4-ს განუცხადეს, რომ პაციენტს ამ დროისთვის გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.