რუსთავში მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება

რუსთავში, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება.

სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში, დღეს მოხალისეების სტატუსით ჩაერთნენ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და რუსთავის მერმა, სასურსათო პაკეტები ოჯახებში პირადად მიიტანეს.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის დახმარებას, 8000-მდე შეჭირვებული ოჯახი- სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, ასევე მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ვეტერანები მიიღებენ.

ამავე კატეგორიის რუსთაველი ოჯახები სარგებლობენ იმ ქველმოქმედებით, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლების და საზოგადოება ,,რუსთაველების“ ორგანიზებით, პარალელურად მიმდინარეობს.

საკვები პროდუქტის დარიგების პროცესში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ საკრებულოს წევრებიც.

სურსათით დახმარების კამპანიის პირველ ეტაპს, რუსთავის მერია კვირის ბოლომდე დაასრულებს.