საინფორმაციო კამპანია ბოლნისში COVID 19-თან დაკავშირებით

ბოლნისში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო მასალები ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში, კარდაკარის პრინციპით, დაარიგეს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.

ორენოვანი ბროშურები ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.