სამი ოპოზიციური პარტია უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მემორანდუმს არ უერთდება.
პოლიტიკური პარტია “გირჩი”, “მოქალაქეები” და რესპუბლიკელები” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არ იმყოფებოდნენ.
“რესპუბლიკურ პარტიაში” აცხადებენ, რომ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ფასილიტატორი ელჩების მერ წარმოებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ.
“საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველმა.
ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.” -ნათქვამია “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში.
რაც შეეხება “გირჩს,” რომელიც წინა კვირაში გაიყო, სავარაუდოდ, პარტიის არც ერთი ნაწილი ოპოზიციის მემორანდუმზე ხელმოწერას არ შეურთდება. პარტიის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტში არ შედიან.
მემორანდუმზე ხელმოწერის გარეშე ამბობენ მანდატებზე უარს “პატრიოტებიც”.
განსხვავებულია “მოქალაქეების” პოზიცია – ალეკო ელისაშვილის პარტია სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას ამ ეტაპზე არ აპირებს.
მათი თქმით, სანამ ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება, ხელს არაფერს მოაწერენ.
“მე ვრჩები ბოიკოტის რეჟიმში, შესაბამისად ყველა პროცედურას გავივლი, სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი და მეოთხე ხელის მოწერა აღარ მჭირდება, რომ არ შევდივარ პარლამენტში. დღეს ყველა გადააგზავნის მოთხოვნას სიის ჩახსნაზე. “გირჩი” გაიყო, იაგო ხვიჩიაა თავმჯდომარე, შესაბამისად მან უნდა გადააგზავნოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,”- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” დამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
“ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, ვართ ბოიკოტის რეჟიმში და მომხრე ვართ, შეთანხმება შედგეს და გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ყველაფერი რაც მოლაპარაკებებს შეუშლის ხელს, ვართ მისი წინააღმდეგი. დღეს რაც იქ ხდება, ხელს უშლის მოლაპარაკებებს და ეს არის მოლაპარაკებებში ჩართული ელჩების უპატივცემულობა. თუ შეთანხმება ვერ შედგა, რა თქმა უნდა უნდა ვიტყვით უარს და ეს ხელმოწერა რას ემსახურება, ვიცით რომ უნდათ ჩაშლა, თქვან,”- აცხადებს “მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.









