საქართველოს 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

საქართველომ, Covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე კოვიდ-19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული აპარატურის გამოყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიცაა შესაძლებელი.

“გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში, თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

სამედიცინო ინვენტარი მან მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერა.

ტიკარაძის თქმით, სამედიცინო ტექნიკა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.