სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დაინერგა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.

ახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდება, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებ, შეუფერხებლად ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ აუდიო–ვიდეო კონფერენციებში.

“კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას”, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  ზურაბ ანდღულაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პლატფორმის ეფექტიანი მუშაობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 1000 სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. ასევე, ამ დრომდე მიმდინარეობს სოფლის ექიმების კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.

კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ასევე მზადდება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსი, რაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.