რეგიონში ყოველდღე სწრაფი ტესტით საშუალოდ 900-იდან 1300-მდე პირს იკვლევენ

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ყოველდღიურად საშუალოდ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 900-იდან 1300-მდე პირი იტესტება,- ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის  და დიაგნოსტიკურ ცენტრებშია შესაძლებელი.

როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა, სწრაფი ტესტით კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მოქალაქემ ონლაინ კლინიკას ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. ექიმი შეაფასებს  ჯანმრთელობის მდგომარეობას და ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებს კონკრეტული პირი მკურნალობას.

რაც შეეხება სწრაფი ტესტის პასუხის, “პი-სი-არ” გამოკვლევით გადამოწმებას, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ასეთი ერთეული შემთხვევებია და სიმპტომებზე დაკვირვებით, გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.