„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა ექვსი თვით გაგრძელდა. კანონში ცვლილებების შეტანას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. კანონში შესატანი ცვლილებები კოლეგებს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა და ამ ცვლილების მიხედვით, კანონის მოქმედების ვადა ექვსი თვით გაგრძელდა. პროექტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს მთავრობას.
„დღეს ჩვენ გვიწევს ისევ შემოვიდეთ ინიციატივით, ინიციატორები ისევ ექიმები არიან, რომ გავაგრძელოთ ვადა კიდევ ექვსი თვით, რათა არ დარჩეს ცარიელი სივრცე. რეალობა არის ის, რომ მთელს მსოფლიოსთან ერთად ჩვენ გვიწევს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრება და კრიზის სჭირდება სწორად მართვა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებზე, რაც მისი განცხადებით, ეფექტური იყო.
„მე მახსენდება ახლა, როცა პირველად წარვადგინეთ კანონპროექტი და მაშინაც იყო გარკვეული შიში ოპონენტების მხრიდან, მთავრობა ხელისუფლება ხომ არ გამოიყენებდა სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ შეეზღუდა ან სიტყვის თავისუფლება ან გადაადგილების თავისუფლება პოლიტიკური მიზნით ვინმეს მიმართ, შეზღუდვა ყოფილიყო ვინმეს წინააღმდეგ გამოყენებული. სახელმწიფოს კონსტიტუციით აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს არის მისი ვალდებულება და ამის ნაწილი იყო მაშინ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ვადასაც დღეს ვაგრძელებთ. ასევე უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის ერთი წელი, რაც მოქმედებს ეს რეჟიმი და ალბათ დამერწმუნებით, ოპონენტებიც თუ შეძლებენ ობიექტურ შეფასებას ისინიც დამერწმუნებიან, რომ მთავრობას „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონისმიერი უფლებები არ გამოუყენებია პოლიტიკური მიზნებისათვის და სხვათა შორის ერთ ნაწილში ამან ეპიდემიოლოგიურად ზიანიც კი მოიტანა. გახსოვთ ალბათ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის სპეციალისტები ყველას მოუწოდებდნენ ის მინიმალური წესები დაცულიყო, რაც არის პირბადის მოხმარება და ფიზიკური დისტანცირების დაცვა. იმ ფონზე, როცა მთავრობამ სხვა შეზღუდვებისაგან განსხვავებით, არ შეზღუდა პოლიტიკური აქტივობები, თავყრილობები და ამან უპასუხისმგებლო ქმედების წინაშე დაგვაყენა, როცა ოპოზიციამ რეკომენდაციების კვალდაკვალ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, გამოეყვანა ქუჩაში. ამ კანონპროექტს თავისი ვადის გაგრძელებიანად აქვს მხოლოდ და მხოლოდ მიზანი, რომ მართოს კრიზისი სწორად და დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან ერთად ასევე ვადა გაგრძელდა თანმდევი ცვლილებისაც, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა.