შსს: ბრალდებულები მოქალაქეს 17 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის ვიზას დაჰპირდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხინეს.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.