შსს: დავაკავეთ 3 პირი, რომლებსაც 16 წლის გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 1999 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს. რამდენიმედღიანი ძიების შედეგად, პოლიციამ გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.