შსს-მ 7 კილოგრამი, 2 მილიონამდე ლარის „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.