ცერცვაძე: კორონავირუსის ახალი შტამი უფრო იოლად გადამდებია

ვირუსის ყველაზე საშიში თვისება, მუტაციით მიღებული შტამი რომ მეტ სიკვდილობას და დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეოაბას იწვევდეს, ასეთი დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის ახალი სახეობა გაცილებით მეტად გადამდებია, რაც კარგი არ არის. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ ახალი ვირუსის შტამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებით გამოყენებას ხელს არ შეუშლის.

„ახალი ვირუსის შტამი დაფიქსირდა, რომელიც შეიქმნა მუტაციის შედეგად. ინგლისის სამხრეთ რეგიონში აღმოაჩინეს ეს შტამი. რამდენადაც მე ვიცი, 30 პროცენტი უკვე ინფიცირებულია ამ ახალი შტამით. დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსის ყველაზე საშიში თვისება, მუტაციით მიღებულ შტამი რომ იწვევდეს მეტ სიკვდილობას და დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, ასეთი დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია. სამაგიერიდ, დაფიქსირებულია, რომ ის უფრო იოლად გადამდებია და მეტი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. ეს კარგი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ.

საბედნიეროდ, ვარაუდობენ, რომ ეს შტამი არ შეუშლის ხელს ვაქცინის წარმატებით გამოყენებას, კერძოდ, ის არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც. და თუ ეს ასეა, მაშინ ის კოვიდპაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც ამ ახალი შტამიდანაც დაიცავთ. რამდენადაც ვიცი, ლუგარის ცენტრში დროდადრო ასეთი კვლევები ტარდება, მაგრამ საქართველოში არ დაფიქსირებულა ასეთი სერიოზული მუტაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.