NCDC: დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა

ეპიდემიოლოგების მოლოდინის მიუხედავად, დეკემბერის ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბე ტიპის ვირუსის შემთხვევა ლაბორატორიულად მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში დადასტურდა. მათივე ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსის ცნობილი შტამები და „კოვიდ-19“. გასული კვირის განმავლობაში არ გამოვლენილა არც ადენოვირუსი, რომელიც წინა კვირების განმავლობაში ფიქსირდებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პოზიტიური სურათი ერთი მხრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებლის და მეორე მხრივ, უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია, რომელიც მოსახლეობას არა მხოლოდ „კოვიდ-19“-სგან, არამედ სხვა სეზონური ვირუსებისგანაც იცავს. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან 210 000 ადამიანია აცრილი, კერძო სექტორმა კი 50 000-მდე მოქალაქე აცრა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენა ჩამოაყალიბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით რისკჯგუფებს, მათ შორის ორსულ ქალებს მოუწოდებს.