NCDC კორონავირუსის ვაქცინის, რაც შეიძლება მალე, შემოტანას ორი მიმართულებით ცდილობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის რაც შეიძლება მალე შემოტანას ქვეყანა ორი მიმართულებით ცდილობს: ერთი არის COVAX პლატფორმა, სადაც საქართველომ უკვე გადაიხადა პირველადი შენატანი §4 მილიონი და მეორე — ქვეყანას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია ვაქცინის მწარმოებლებთან.

“ჩვენ პირველადი შენატანი გადახდილი გვაქვს, დაახლოებით $4 მილიონი, იმ პირობით რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. ანუ, COVAX შეისყიდის დაახლოებით 4-5 ვაქცინას მაინც და ჩვენ გვექნება არჩევის უფლება, თუ რომელს მიიღებს საქართველო. COVAX პლატფორმის მექანიზმი, დიდი ალბათობით, ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, ანუ მარტ-აპრილში.

მანამდეც, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რამდენიმე მწარმოებელთან, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით”, — ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი, რომელიც დონორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს საქართველოსთვის არჩეული ვაქცინის ქვეყანაში იმპლემენტაციის გეგმას.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანა, სავარაუდოდ არჩევანს გააკეთებს სამ ვაქცინას შორის, რომელთაგან ნაწილის შემოსატანად ჯანდაცვის სისტემას მომზადება სჭირდება, ნაწილისთვის კი ქვეყანაში შესაბამისი სისტემა უკვე აწყობილია.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, სამივე ვარიანტისთავის და ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ბანკი და კიდევ სხვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”, — ამბობს გამყრელიძე.

NCDC-ის ხელმძღვაენლი ამბობს, რომ შემოტანილი ვაქცინა, პირველ რიგში რისკ ჯგუფებს მიეწოდებათ.