გამყრელიძე: ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა. გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, არ არის. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ სეკვენირება, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს და ეს ტექნოლოგიები აქვს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ჩვენს ქვეყანაში. რომ დავადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული კვლევის, თუ სხვა არგუმენტის, რომელიც არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ კორონავირუსი.

„ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებით. ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, ნამდვილად იყო თუ არა, სადმე ხომ არ მოხდა შეცდომა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, გაქვს თუ არა ქვეყანაში რეინფირიცირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, დასჭირდებათ თუ არა იმ ადამიანებს ვაქცინაცია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი.

„არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი არ უნდა აიცრან, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც მიუთითებენ, რომ როდესაც მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს, იმ დროს გარჩევა, ვინ გადაიტანა და ვინ არა, რთულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.