“ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”,”სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო საქართველოსთვის”, “ლეიბორისტული პარტია”, “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციურმა პარტიებმა, მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში, მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პარტიები უარს ამბობენ მანდატებზე, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
“დღეს ისტორიული დღეა ვინაიდან, როგორც არასოდეს საზოგადოება არის ერთიანი გაერთიანებული სიმართლის გარშემო. დღეს ჩვენ აქ ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებასა და თანამშრომლობაზე. აქ ვინც ვართ წარმოდგენილი ჩვენს უკან დგას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და პარლამენტში პარალელურად შეკრებილი არიან ადამიანები, ვინც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ადამიანს, ის არ არის ერთ პარტიული პარლამენტი, ის წარმოადგენს ერთი კაცის პარლამენტს”,- ამბობს ნიკა მელია
“მცდელობა ივანიშვილისა მოეხდინა ხელისუფლების უზურპაცია, დაემყარებინა დიქტატურა ჩავარდა და დღეს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს და მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტთან წოდებული ქართუ ჯგუფიდან გამოვარდნილი ივანიშვილის ჯოგი”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი
„ის რაც დღეს, აქ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, ამ ისტორიულ ადგილას ხდება, არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის და საქართველოს ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს ბოიკოტი შედგება, თქვენ ნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო შეიკრიბება და ტესტი ამ ბოიკოტის, რა თქმა უნდა იქნება 17 დეკემბრისკენ, როდესაც ინდივიდუალურად პარლამენტარები დაწერენ განცხადებას და რეალურად უკვე „ქართული ოცნება“ დარჩება მართლაც თავის თავთან მარტო, უკვე ამ შემთხვევაში იურიდიულადაც“, – განაცხადა გიგი უგულავამ.











