ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამჯერად ელჩებს კიდევ ერთხელ შეთანხმებულ მოთხოვნებს წარუდგენენ, რომელზეც გუშინ „ლელოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ლიდერები.

შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის ელჩიც.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში უნდა გამართულიყო. სწორედ იქ მივიდა ალეკო ელისაშვილიც, რომელმაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ელჩებს ოპოზიციის შეჯერებულ პოზიციებს გააცნობდნენ.