საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება. სიჭინავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს სახელმწიფო საზღვარზე წარადგენენ, 8 დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან, ხოლო ამ ტესტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

“მას საკარანტინო სასტუმროში არ განათავსებენ. იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ ექნება, მათ კოვიდ სასტუმროებში განთავსებას სახელმწიფო უზრუნველჰყოფს”, — განაცხადა სიჭინავამ.