“ჩვენმა ნაძვმაც ამოისუნთქა”- რუსთავის მერიამ ჩაბეტონებული ხე გაათავისუფლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, კიდევ ერთი ჩაბეტონებული ხე გაათავისუფლეს.

როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს ინფორმაციას, მორიგი ხე, რომელიც ტროტუარზე ჩაბეტონებული იყო, რუსთავის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გაათავისუფლეს.

“მეგობრებო, ეშხში შევედი, ჩაბეტონებული ხეების გადარჩენის ეშხში. მითუფრო, რომ ჭადარი, რომელიც წინა პოსტიდან გაგაცანით, გადაარჩინა პრობლემის გასაჯაროებამ! ჰოდა კიდევ ერთ დატყვევებულ ხეს გაგაცნობთ, იქნებ მასაც გამოუჩნდეს მშველელი. ეს ნაძვი დიდი ხანია ასფალტის მარწუხებშია, ერთი წლის წინ მივიწერე ამის თაობაზე, მაგრამ არავინ გამოეხმაურა პრობლემას. ჭადრის მყისიერად განთავისუფლების ფონზე ამ ნაძვის გადარჩენის იმედიც მომეცა!”-წერდა სოციალურ ქსელში მოქალაქე.

მოგვიანებით, ფაქტს რეაგირება მოჰყვა და ხე ბეტონისგან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, იგივე მოქალაქემ მანამდე თბილისის ქუჩაზე არსებული ჩაბეტონებული ხის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც რუსთავის მერიაში ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს,  ინფორმაციის მიღებისთანავე, შედგა კომუნიკაცია შემსრულებელ კომპანიასთან და მყისიერად დაიწყო სამუშაოები.

ასევე, ინფორმაციისთვის, მზადდება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიაწოდონ. ახალი აპლიკაცია უზრუნველყოფს შეტყობინების სწრაფად დამუშავებას და შესაბამის სამსახურზე ოპერატიული რეაგირებისთვის გადაცემას.