საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია.
მისი თქმით, დაიწვა 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც ინახებოდა პლასტმასები, აალებადი ნივთები და შერეული ტექნიკა.
„ჭირნახულის 9 ნომერში ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ფართში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ადგილზე იმყოფება 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, მაგრამ მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადარჩა ფართის დიდი ნაწილი. დამწვარია საერთო ჯამში 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი, ინახებოდა პლასტმასები და აალებადი ნივთები, მათ შორის საღებავები. ინახებოდა გარკვეული პიროტექნიკაც, იყო შერეული საქონელი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არის, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.