ჰაერის დაბინძურება და ბინების დაკანონების საკითხი-ნინო ლაცაბიძის კითხვები კომიტეტის სხდომაზე

ბინების დაკანონების პრობლემა, ჰაერის დაბინძურების საკითხი და გარდაბანში წყალმომარაგების სისტემისა და გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება -ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსთავსა და გარდაბნის ათ თემში მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა რუსთავისთვის დაბინძურებული ჰაერია და  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის ნაწილში ახლა მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა.

რაც შეეხება ბინების დაკანონებას, დეპუტატის თქმით, ამ მხრივ გარკვეული შეფერხება არსებობს და პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს.

“როგორც მაჟორიტარი რუსთავის და გარდაბნის, ჩემს ოლქში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი მინდა აღვნიშნო წყალმომარაგებისა და გზის პრობლემა გარდაბნის სოფლებში.  დარწმუნებული ვარ პრიორიტეტად დარჩება ეს საკითხები თუ რაიმე ფინანსური პრობლემები შეიქმნება. იქნებ უფრო მეტი დეტალი მოგვაწოდოთ, რა იგეგმება რუსთავის ავტობანზე, რა ეტაპზეა და როდის შეიძლება ვიხილოთ დასრულებული.”-მიმართა ნინო ლაცაბიძემ მაია ცქიტიშვილს.

” რუსთავში არის 700-ზე მეტი რვაასამდე ოჯახი რომელიც ელოდება იმ ფართების დაკანონებას, რომლებშიც ცხოვრობენ წლების განმავლობაში. ეს ფართები არის ეკონომიკის ბალანსზე. დაკანონების პროცესი დაწყებულია. თუმცა, არის გარკვეული შეფერხება და ვისურვებდით, რომ ეს პროცესი იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური. პრობლემა ისიც არის, რომ ამ ფართებში ცხოვრობენ ადამიანები და ისინი ვერ სარგებლობენ თვითმმართველობის მხრიდან განხორციელებული პროექტებით. მათ არ აქვთ ამხანაგობა და რამდენიმე წელში შეიძლება მივიღოთ სავალალო მდგომარეობა ამ კორპუსებში, რომლებიც არის ავარიული და კიდევ უფრო გაგვიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. თქვენი მხრიდან თუ იქნება ჩართულობა და ამ პროცესს დავჩქარებთ ძალიან კარგი იქნება.”- ნინო ლაცაბიძემ კითხვით ნათია თურნავას მიმართა.