ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ დიალოგის მორიგი რაუნდი შედგა და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია. სხვა საკითხები რჩება მაგიდაზე. ბევრი მათგანი ჯერ გადაუწყვეტელია. ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა. ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს“, – განაცხადა კალრ ჰარცელმა.