“ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა გვაქვს”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში მულტიორგანული ანთების სინდრომის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სინდრომმა გამოვლენა საქართველოშიც დაიწყო და დაახლოებით, 55-60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული.

“შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქი მიმდინარეობის იყო. საბედნიეროდ, ყველა დამთავრდა კარგად. მზაობას რაც შეეხება, შემთხვევების უმრავლესობას იაშვილის კლინიკასა და ნიუ ჰოსპიტალში იყო გატარებული. რამდენიმე ბავშვს სხვა კლინიკებშიც უმკურნალეს. პროტოკოლი 10 ნოემბერს დამტკიცდა”, — განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს სახელმწიფო ფაქტიური ანაზღაურებით აფინანსებს.

მისივე თქმით, შემთხვევების დიდი ნაწილისთვის სტანდარტული მკურნალობა საკმარისია.

“ეს მედიკამენტი აფთიაქში არც უნდა ვეძიოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის უზრუნველყოს და ხარჯების ანაზღაურება უკვე არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამდენად, ბაზარზე და მით უფრო, შავ ბაზარზე ამ მედიკამენტის მოძებნას არავინ შეეცადოს,” — აღნიშნა მან.