მთავრობა რუსთავში სკოლების დაგეგმილზე ადრე გახსნის პირობას ასახელებს

 პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება , ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას,  საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაა.

„ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4%, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი თუ 4%-ზე ჩამოვა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლა აღდგება.

მისივე თქმით, პირველი თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლები გააგრძელებენ მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს სკოლებთან დაკავშირებით, როგოც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4 პროცენტიანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც ეს მაჩვენებელი შვიდდღიანი ინფიცირების ჩამოვა 4 პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.