რა შემადგენლობა აქვს კოვიდვაქცინას და როგორ მოქმედებს?-ინფექციონისტის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა. როგორ მოქმედებენ კოვიდვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ- განმარტებას ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი აკეთებს.

“გრიპის, ან პოლიომიელიტის ვაქცინა მოიცავს თვითონ ინფექციის გამომწვევის დასუსტებულ ვარიანტებს, რომელიც ორგანიზმში შეჰყავთ და შემდგომ მის წინააღმდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ამ შემთხვევაში, როდესაც მესენჯერული RNA​-ია, მხოლოდ და მხოლოდ ცილის პატარა ფრაგმენტი შეჰყავთ და ის ცილა, რომელსაც ორგანიზმი რეალურად ამოიცნობს. როგორც, მაგალითად, ჩვენ ადამიანს სახეზე რომ შევხედავთ და ვიცნობთ, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანი, დაახლოებით ასე. ანუ, მხოლოდ სახის სურათი რომ მივცეთ და თვითონ ადამიანი არ დაინახოს, დაახლოებით ასეთი მექანიზმით ახერხებს ორგანიზმი ამ ვირუსის გამოცნობას და მის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას”, – აცხადებს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი.

“როდესაც ადამიანს უკეთდება ეს მესენჯერული RNA-ის ვაქცინა, რომელიც სპეციფიკურ ცხიმოვან გარსში, ანუ პოლიეთილენგლიკოლშია გახვეული, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას რამდენიმე საათის შემდეგ დაიშლება, მაგრამ სანამ დაიშლება, ჩვენს ორგანიზმში იწყება ამ სპაიკ ცილის სინთეზი. ამის შემდეგ იწყებს, უკვე, ჩვენივე ორგანიზმი ჩვენსავე ორგანიზმში წარმოქმნილი ცილის მიმართ ანტისხეულების სინთეზს და ყალიბდება იმუნური პასუხი, ანუ ამ ტიპის ვაქცინები არის, ამ გაგებით, ყველაზე უსაფრთხო, რადგან მასში საერთოდ არ შედის ვირუსული კომპონენტი,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ვაქცინით ეროვნული გეგმის მიხედვით, თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი და რისკ-ჯგუფები აიცრებიან. Pfizer-ის შემდგომ კი ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.