ხათუნა ზახაშვილი: შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ფრთხილად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, შეზღუდვების მოხსნა დაკავშირებული იქნება შემთხვევების მატებასთან.

მისი თქმით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების პირველ თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეფუძნება.

„გახანგრძლივებაზე აქ არ არის საუბარი. აქ არის საუბარია ბიზნესის სათანადო მზაობაზე, რათა გახსნის შემთხვევაში მათ შეინარჩუნონ მდგრადობა და შეამცირონ რისკები მათი მოქმედების არეალში. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება იმ ეპიდსიტუაციას, რაც გვაქვს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ მდგრადად შევინარჩუნოთ დღეს უკვე ასე ვთქვათ გამოჩენილი „კოვიდის“ შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა მივყვეთ ამ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ პირველი თებერვლიდან სრულად მოიხსნას შეზღუდვები, ეს საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტია, „რომელსაც იღებს ის მუდმივი მეთვალყურეობის და მულტისექტორული განხილვის შედეგად“.