ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გარდა სამი ქალაქისა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამასთან, მშობელს ექნება არჩევანის უფლება, სკოლას განცხადებით მიმართოს და მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში განაგრძოს.
“გაგრძელდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გარდა სამი ქალაქისა, ეს არის თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. მინდა მშობლებს მივმართო, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ყველა საჭირო რესურსით სკოლები, სკოლების მზად არიან, დაიცვან ყველა ის პირობა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანდებით განსაზღვრული.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გვინდა გავავრცელოთ და ვუთხრათ მშობლებს, რომ ვთავაზობთ დამატებით მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მშობელს შიში აქვს, რომ გაუშვას მოსწავლე სკოლაში, გარკვეული მიზეზების გამო, მას აქვს არჩევანის უფლება, მიმართოს სკოლას განცხადებით და მისი შვილი დარჩეს დისტანციური სწავლების ფორმატში,” – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.