აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

Reuters-ი წერს, რომ ქვეყანაში დეკემბრის განმავლობაში ვირუსს 78 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პანდემიის დაწყების დროიდან კი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 345 000-ს აღწევს.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. Reuters-ის მონაცემების თანახმად, პირველი 5 მილიონი ადამიანი დაახლოებით 200 დღეში დაინფიცირდა, ინფიცირებულების რაოდენობა 5-დან 10 მილიონამდე 93 დღეში გაიზარდა, 10-დან 15 მილიონამდე – 31 დღეში, 15-დან 20 მილიონამდე კი მხოლოდ 25 დღეში.

ყველაზე მეტი ინფიცირებული კალიფორნიაშია, სადაც, საერთო ჯამში, 2.28 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეორე ადგილზეა ტექსასი, 1.76 მილიონი შემთხვევით, შემდეგ კი ფლორიდაა- 1.32 მილიონი შემთხვევით.

ამჟამად აშშ-ის საავადმყოფოებში 125 000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც გასულ თვესთან შედარებით 25%-ით მეტია.

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ორი ვაქცინის გამოყენებით მიმდინარეობს, 31 დეკემბრის მონაცემებით აცრა დაახლოებით 2.8 მილიონ ამერიკელს გაუკეთდა, რაც დაგეგმილზე, 20 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციაზე, გაცილებით ნაკლებია.

ვაქცინაციის პროგრამის არცთუ სწრაფი ტემპით მიმდინარეობის მიუხედავად, აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, ენტონი ფაუჩიმ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ში ვაქცინაციის გზით კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 შემოდგომისთვის გახდება შესაძლებელი.