შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 24 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 43 წლისა და 27 წლის მამაკაცები ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, 43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.