ბურჯანაძე ივანიშვილის წასვლაზე: მაინტერესებს, რომელი დაპირება შეასრულა?!

მაინტერესებს, რომელი დაპირება შეასრულა?! 5 მილიონი მისცა თითო სოფელს, ადამიანები ფეხზე დააყენა, იაფი ფული, უფასო კრედიტი მოიტანა, თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა დაძრა წინ?! – ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. 

„დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსგავსი წერილი უნდა გამოქვეყნებულიყო. მე პირადად, ეს არჩევნების პერიოდშიც ვიცოდი და ამაზე საუბარი იყო. ველოდი, უბრალოდ, დრო ზუსტად არ ვიცოდი. ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის სიყალბე, რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამო ვცხოვრობთ. ახლა, ძალიან მინდა შევხედო იმ ადამიანებს, ვინც 31 ოქტომბერს ხმას ბიძინა ივანიშვილს აძლევდა. არა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, მაჟორიტარების „ამჯანყელებელს“ დიმიტი ხუნდაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხმას. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილმა ხომ მოატყუა? მან ხომ იცოდა, რომ ამ ნიბიჯის გადადგმას აპირებდა და ელჩებს პირდებოდა კიდეც, რომ ახლა არჩევნებს ჩავატარებ და მერე წავალო. ამ ადამიანებს, რატომ არ უთხრა, რომ ის არჩევნების შემდეგ წასვლას აპირებდა. ეს არ არის ტყუილი?! არ არის სიყალბე, როდესაც 31 ოქტომბერს ადამიანებმა ივანიშვილს მისცეს ხმა და ხელში შერჩათ კობახიძე და ხუნდაძე? ეს არის ტყუილი და ძალიან უსინდისო ნაბიჯი საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.